მე-19-მე-20 საუკუნეების აჭარის გასაცნობად, მთელი რეგიონის შემოვლა საჭირო არ არის. ბათუმის ცენტრიდან სამ კილომეტრში მიხეილ შარაშიძის ქუჩაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალი“ მდებარეობს, სადაც გასული საუკუნეების აჭარის ყოფა ნატურალისტურად არის გაცოცხლებული. 64 მანეკენი და 4 ათას 500-ზე მეტი ისტორიული ექსპონატი შთამბეჭდავად გამოგზაურებთ გასული საუკუნეების აჭარაში. ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა, ქემალ თურმანიძემ მარტომ, საკუთარი სახსრებით შექმნა. ხეზე კვეთის ოსტატმა თავდაპირველად ეთნოგრაფიული ექსპონატების შეგროვება კოლექციისთვის დაიწყო. შემდეგ კი ყველაფერს ერთ მუზეუმში მოუყარა თავი, რომელიც ძალიან მალე ტურისტებისთვის აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტი გახდა.