საქართველომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ კონკრეტული გეგმა წარადგინა.
გაერო-ს კონფერენციაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2030 წლისთვის სასათბურე აირების შემცირების პირობა დადო. გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი – ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი. ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, ქარის და მზის ენერგიის წილის გაზრდა საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე, კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიების განვითარება, – ასე ესახება ქართულ მხარეს გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაში საკუთარი როლი. გლაზგოში მიმდინარე სამიტი საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო ლიდერებთან ოფიციალური თუ არაფორმალური შეხვედრებისთვისაც გამოიყენა. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო საქართველოს პერსპექტივის გარკვევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო.