საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. ალბანეთთან წაგების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა ისევ სამ მცველზე გადააწყო. საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – ბუდუ ზივზივაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმების შემდეგ, სტუმრები გოლს გადაურჩნენ, თუმცა მე-7 წუთზე ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე მიხაილო მუდრიკის გადაცემის მოგერიებისას საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოოდ ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება 76-ე წუთზე მაინც შეძლეს. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ მეტოქის კართან შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ბურთი კარისკენ ზუსტი დარტყმით გაგზავნა. დაძაბული მომენტი შეიქმნა მატჩის მიწურულს საქართველოს კართან, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ჩვეული სიდინჯით ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია და საბოლოოდ ანგარიში ფრედ დასრულდა. ახლა ჯგუფში საქართველო მეორე ადგილზეა, მას ჩეხეთი უსწრებს. სწორედ ჩეხეთთან შედგება მომდევნო დაპირისპირება. მატჩი ქალაქ ოლომუჩში, 19 ნოემბერს გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.