ქართველი ექიმები უცხოელ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველომ მკერდის კიბოს სკრინინგის ჰაბის სტატუსი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მკერდის რადიოლოგიაში მედიკოსები შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ კოლეგებს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს ჩაუტარებენ. გადამზადების სასწავლო პროგრამა რამდენიმე თვიანია და ის მკერდის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლას გულისხმობს. კურსი რადიოლოგიის და მამოგრაფიის მიმართულებებს მოიცავს. პირველი სტუმრები ტაჯიკეთიდან უკვე ჩამოვიდნენ. პროგრამას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აფინანსებს.