ეროვნული ნაკრების დასახვედრად ქომაგები დღეს დილის შვიდი საათიდან შეიკრიბნენ
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა. აეროპორტში, „ჯვაროსნების“ დასახვედრად ქომაგები დილის შვიდი საათიდან შეიკრიბნენ. იმის მიუხედავად, რომ ნაკრების თვითმფრინავი თბილისში დაგეგმილზე ორი საათის დაგვიანებით დაჯდა, გულშემატკივრებს ადგილი არ დაუტოვებიათ და მთელი ამ დროის განმავლობაში შეძახილები არ წყდებოდა. ქომაგებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ხმის გამაძლიერებლებიც. ნაკრების თვითმფრინავის დაშვების შემდეგ კი ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებთან ნაკრების ავტობუსით გამოვიდნენ. ავტობუსმა აეროპორტის ტერიტორია ქომაგების კორდონისა და მათი შეძახილის „მადლობის“ ფონზე დატოვა. გულშემატკივართა მეორე ნაწილი ნაკრებს საკუთარი ავტომობილებით უკან გაჰყვა და ეროვნული დროშების ფრიალის, სიგნალებისა და გამამხნევებელი შეძახილების ფონზე მიაცილა ფედერაციაში.