ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 82-ე შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 82-ე შეხვედრა იმართება.
საუბარი, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე იქნება. ძალაში რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მედიასაშუალებებს რეგისტრაციის გავლა ქართველ სამართალდამცველებთან უწევთ, მისიის წარმომადგენელმა ეს ენობრივი ბარიერის არსებობით ახსნა.
ქართული მხარე დღეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას კვლავ გააპროტესტებს, ასევე მოითხოვს 2016 წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას.
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, მის საქმეზე განმეორებითი გამოძიება აღარ ჩატარდება და ოსურმა მხარემ მისი საქმე დახურა. თუმცა, ქართული მხარე თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.