ერევანში კვლავ დაძაბულია ვითარება. სომხური მედიის ცნობით, პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილები სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ნიკოლ ფაშინიანის ხელმოწერის უკან გაწვევას ითხოვენ. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.