რამდენიმე აფეთქება მოხდა ერაყში, ქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოსთან. დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, დაშავდა 6 პირი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ მკაცრად გმობს ერბილში ირანის თავდასხმებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადების მიხედვით, სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ბაზა იყო.