ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება 

„კოვიდ-19“-ზე ტესტირების სამიზნე ჯგუფებს სატვირთო მანქანების მძღოლები დაემატება. მეზობელ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლი „პისიარ ტესტირებას“ დაექვემდებარება. ბოლო დღეებში ზუგდიდსა და ზესტაფონში ინფიცირების ორი ახალი ფაქტი სწორედ ტრაილერის მძღოლებს უკავშირდება.

ორ დღეში ახალი კვლევის ჩატარება იგეგმება ბოლნისში. იმის დასადგენად, თუ როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, ორი ადგილი შეირჩა – ბოლნისი, როგორც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი და თელავი – მწვანე ზონა, სადაც დღემდე ერთი ფაქტიც არ არის დადასტურებული. სწორედ ამ კვლევის შედეგები გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა მიიღონ მომავალში ბოლნისთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგად სურათს: შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში, შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ.

ნათია ქენქაძემ მოისმინა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთა გამოსვლა.