საქართველო წითელ ზონაში გადავიდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 2 000-ს მიუახლოვდა. გამოვლენილია 1 759 ახალი შემთხვევა. სამედიცინო პერსონალიდან „კოვიდ-19“ კიდევ 131 ადამიანს დაუდასტურდა.
პროგნოზები არაკეთილსაიმედოა. ეპიდემიოლოგები პიკური პერიოდისთვის, ანუ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დღევანდელი მაჩვენებლის გაორმაგებას ვარაუდობენ. გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე ქვეყანა დიაგნოსტირებისთვის პისიარ-ტესტებთან ერთად ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენებას იწყებს. ევროკავშირის საბჭოს განახლებულ სიაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის.
ქვეყნის მასშტაბით ხდება დამატებითი სამედიცინო პერსონალის მობილიზებაც. რამდენიმე დღეში „კოვიდ-19“-ის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ექიმები ჩაერთვებიან. დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი ეს არის ის სამი ლოკაცია, სადაც ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. შესაბამისად მკაცრი რეკომენდაციაა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.