1 000-ზე მეტი შემთხვევა უკვე ყოველდღე – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ამ დრომდე დაფიქსირებულ რიცხვებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ახლა თბილისია, სადაც დღეს 425 ინფიცირებული გამოვლინდა. ვირუსის ახალი შემთხვევებია პარლამენტში, იზოლაციაშია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. დედაქალაქის შემდეგ განსაკუთრებით მკვეთრი მატებაა იმერეთში, სადაც დღიური მაჩვენებელი 400-ს მიუახლოვდა. თუ წინა კვირის სტატისტიკას შევადარებთ, რიცხვები თითქმის ყველა რეგიონში იმატებს გარდა აჭარისა, სადაც ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გაჩნდა.
იმერეთის რეგიონისა და თბილისის შემდეგ ყველა გასართობი დაწესებულება 22 საათამდე იმუშავებს მცხეთაშიც. გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღეს, რაც თბილისელებმა დედაქალაქის დაკეტილი რესტორნებიდან ღამის საათებში მცხეთაში გადაინაცვლეს. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა დღეს სწორედ მოქალაქეებს ეკისრებათ. ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთადერთ გზად პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება. შესაბამისად ეპიდემილოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.