ბოლო 24 საათში საქართველოში „კოვიდ-19“-ის 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქება მაინც გადავადდა.
16 იანვრის ნაცვლად საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნა პირველი თებერვლისთვის იგეგმება. მანამდე მთავრობა კერძო სექტორთან შეხვედრებს აანონსებს, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე და რეკომენდაციების დაცვაზე იმსჯელებენ. პირველი ასეთი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების ჩართულობით უკვე შედგა სავაჭრო მოლების ხელმძღვანელებთან. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე. „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“ ეს არის ის სამი ვაქცინა, რომელთა საქართველოში შემოტანაზეც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.