საქართველოში მაისის თვისთვის გრიპის შემთხვევების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. იაშვილის კლინიკის დირექტორის განმარტებით, ბოლო კვირის სტატისტიკური მონაცემით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსზე შემთხვევების 28% მოდის, კერძოდ, საუბარია „ბე“ ტიპის ვირუსზე. ივანე ჩხაიძის თქმით, თუ პანდემიამდე პერიოდში სეზონური ვირუსები აპრილის ბოლოსკენ სრულდებოდა, წელს ის გახანგრძლივებულია, შემთხვევების მატება კი კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდაზეც აისახა. გრიპის ვირუსთან ერთად, ცირკულირებს რინო და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსებიც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გრიპის ვირუსის ერთეულ შემთხვევებამდე შემცირება ივნისისთვის არის მოსალოდნელი.