მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 153 მილიონს მიაღწია.
ყველაზე რთული ვითარება ამ დრომდე ინდოეთშია, სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად 300 ათასს აღემატება. მძიმეა ვითარება ბრაზილიაშიც, სადაც მხოლოდ გასულ თვეში „კოვიდ-19“-ს 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პანდემიის წინააღმდეგ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინების რიცხვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რიგით მეხუთე, „მოდერნაც“ დაუმატა. დღეს კი, ჩინურ პრეპარატებთან დაკავშირებით, საკუთარი ექსპერტების შეფასება გამოაქვეყნა. დღესვე ახალი რეკომენდაციით გამოვიდა ევროკომისია, რომელიც წევრ ქვეყნებს მოუწოდებს კოვიდ-ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვრები გაუხსნან.