ეუთო-ოდირის პასუხის შემდეგ ოპოზიცია ახალ გეგმაზე ალაპარაკდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-მდე ოპოზიციური პარტია მაჟორიტარულ ოლქებში შესაძლოა საერთო კანდიდატებით წარდგეს. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის გარშემო ოპოზიცია გაერთიანებას. „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმას იზიარებს.
საერთო კანდიდატების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ე. წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ ოდირის დასკვნა მიიღო. 11-გვერდიან დოკუმენტში არსადაა ნახსენები, ოპოზიციური პარტიების კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანიზაცია ეროვნულ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ანდობს. ამის მიუხედავად, ჩანაწერი მაინც პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი გახდა. ეუთო-ოდირის დასკვნიდან მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სხვადასხვა გზავნილი ამოიკითხა.