„უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ-ი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ. მისივე თქმით, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის სამხედროების სტრატეგია, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო და მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებენ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიდენის ადმინისტრაციასა და ამერიკელ ხალხს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.