„აქ მარტივი მიზეზის გამო ვარ, რომ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“- ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩასვლა მას პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან სამხედროების ნაწილი გაიყვანა, დიდი ნაწილი კვლავ ადგილზე რჩება და უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დახმარების გაძლიერებას გეგმავს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. პრეზიდენტ ზელენსკიმდე, ბლინკენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დღის განმავლობაში სახელმწიფო მდივანი სხვადასხვა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება.