საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკამ და არაერთმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ შეშფოთება გამოთქვა, არამედ მიიღო კონკრეტული ზომებიც ამ შეშფოთების გამოსახატად. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიაში მონაწილეობის დროს განაცხადა.
ენტონი ბლინკენის განცხადებას აფასებენ თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებს უღალატა და პარტნიორებისგან რეაგირებაც შესაბამისია. მათი განცხადებით, სანქციების საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება და მეტ ადამიანს შეეხება. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამერიკა რაც მალე მიხვდება, რომ საქართველოში სანქციებსა და მუქარებზე მეტად დიპლომატიური და მეგობრული ენა ჭრის, მით უფრო მალე მოხდება ამ ურთიერთობების გადატვირთვა.