ენმ საკრებულოს წევრებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლაზე საუბრობს
საკრებულოს წევრებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლაზე ისაუბრეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, საკრებულოში უამრავი პრობლემაა, მათ შორის რიგგარეშე სხდომების დანიშვნა, რომლის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია მხოლოდ ბოლო საათებში იღებს, რის გამოც მათ განსახილველი საკითხების გაცნობისთვის საკმარისი დრო არ რჩებათ.
საკრებულოს ოპოზიცია ასევე სხდომებზე მათ მიმართ წამოსულ აგრესიაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ოპოზიციასთან არ ითანამშრომლოს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ყოველთვის ეძლევათ საშუალება თავიანთი აზრის გამოხატვის, რაც შეეხება, რიგგარეშე სხდომებზე ინფორმაციის არქონას, ასეთი შემთხვევა მხოლოდ რამდენიმე იყო.