საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პროტოკოლს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ ფინეთისა და შვედეთის, ორი ევროპელი პარტნიორის სუვერენული არჩევანი გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას უშუალოდ მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და ამ ორი პარტნიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კოლექტიურ პოზიციასა და ევროპულ უსაფრთხოებაში.
ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ფინეთსა და შვედეთს ალიანსის 30 წევრის თანხმობა სჭირდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ნატო-ს 20-მა ქვეყანამ მოახდინა მათი გაწევრიანების შესახებ შესაბამისი პროტოკოლის რატიფიცირება.