პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, შანზელიზეზე საერთაშორისო ფონდ „სოს თალენთსის“ საშობაო გალაკონცერტი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა. გალაკონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და ათი წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია.
საღამო ტრადიციულად მარსელ დასოს ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. წელს კი კონცერტი მიეძღვნა ქალბატონი ნიკოლ დასოს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგნენ სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანისტები, რომლებიც ფონდ „სოს თალენთსის“ ლაურეატები არიან.
საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტისა და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის – ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.