ევროკომისიის მეორე რეკომენდაციაზე მუშაობა დასრულებულია.
იგულისხმება პუნქტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას და ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებას გულისხმობს. მმართველი პარტიის და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით მომზადდა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე წინა კვირას გახმოვანებული გეგმაა, რომლის მიხედვით მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონულად ჩატარდება. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში, ასევე ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნების შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრებას, ასევე სხვა ცვლილებებსაც გულისხმობს. საკომიტეტო განხილვა, სავარაუდოდ, ხმაურიანი იქნება, რადგან ოპოზიციას რეფორმის პროექტის მიმართ რამდენიმე შენიშვნა აქვს.