შესაძლებელია თუ არა ომის მოგება გასროლის გარეშე. რუსული საინფორმაციო საშუალებები ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მათ სამხედროებს ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით შეუძლიათ ნებისმიერი მოწინააღმდეგის განეიტრალება, ნებისმიერი სამიზნის აღმოჩენა და განადგურება.
კრემლის მიერ მართული ტელევიზიები წლების წინ იმასაც ამტკიცებდნენ, რომ შავ ზღვაში ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან „დონალდ კუკზე“ არსებული სისტემის დაბრმავება შეძლეს. სწორედ დეზინფორმაციის ეს მაგალითი მოყვანილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის კვლევაში, რომელიც ესტონეთში ჩატარდა. დოკუმენტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია მთელ ევროპულ საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებით მიმართავს. მათი ბოლო კვლევა სწორედ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობების განვითარებას ეხება.
ყოველგვარი მითების და დეზინფორმაციის გარეშე და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით, ავტორები აცხადებენ, რომ რუსეთის ელექტრონული შესაძლებლობების განვითარება ნატო-სთვის სერიოზული გამოწვევაა.