2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონული ფორმით ჩატარდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველი გუნდი ყველა დიდი ქალაქის და მსხვილი დასახლებული პუნქტების საარჩევნო უბნებზე აანონსებს. გამონაკლისი მხოლოდ მცირე უბნები იქნება. ინიციატივა იმ საარჩევნო რეფორმის ნაწილი იქნება, რომელიც ევროკავშირის კანდიდატობისთვის ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთ პუნქტად განუსაზღვრა. კანონპროექტის მიხედვით, უბნებზე მისული ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატურის საშუალებით მისცემენ, რაც ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი. მსგავსი მოდელით ხმის მიცემის პროცედურა უკვე ჩატარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე კრწანისის ოლქში. ოპოზიციის დიდი ნაწილი ინიციატივას პოზიტიურად აფასებს და აქცენტს გაყალბებასთან და ბიულეტენების დისბალანსთან დაკავშირებული საფრთხეების გამორიცხვაზე აკეთებს. თუმცა ინიციატივის მიმართ გაჩნდა პრეტენზიებიც. შეფასებებში ყველაზე რადიკალური „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღმოჩნდა, რომელმაც დღეს დაანონსებული გეგმის მიღმა თაღლითობის კვალი დაინახა.