ელექტრონული არჩევნები და ოპოზიციის სკეპტიციზმი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თითქმის სრულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით მისცემს. საპილოტე რეჟიმის შემდეგ ელექტრონული არჩევნები ოქტომბერში ოფიციალურად ამოქმედდება. ცესკო აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. დისკუსია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან უკვე გაიმართა, თუმცა ოპოზიციის ნაწილს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კვლავ კითხვები აქვს და არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობას სწორედ ელექტრონული სისტემით, ონლაინ რეჟიმში ითხოვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს თავმჯდომარის და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდა, გაყალბების რისკები ნულამდე დავა და   არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციები დასრულდება.