ელჩების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა

ელჩების კონფერენცია 2023-ის ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გაწეული სამუშაოებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განვითარდა და სხვა ნიშნულზე ავიდა. ახლა კი მთავარია რეფორმების კურსის გაგრძელება. ამასთან, პრემიერის თქმით, კეთილდღეობა, ეკონომიკური წინსვლა-განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით, მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.