ელჩების კონფერენცია 2023

2023 წლის საგარეო პოლიტიკა შეჯამებულია.

მთავარ მიღწევად და საეტაპო გადაწყვეტილებად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება დასახელდა. საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების ხელმძღვანელები წლის ბოლოს თბილისში ელჩების კონფერენციაზე შეიკრიბნენ და მთავრობისგან მომავალი წლის დავალებები მიიღეს. მთავარი აქცენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე კეთდება, რომელმაც ქვეყანა ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გზა გაუხსნას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული ქართველი ელჩებისთვის მიცემული მთავარი დავალებაა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესი მაქსიმალურად დააჩქარონ. ევროპელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციების დაწყება იანვრიდან დაანონსდა. იყო ჩართვები ბრიუსელიდანაც. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ახლა რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, ოლივერ ვარჰეი განსაკუთრებულ ყურადღებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე ამახვილებს.