საქართველოს ეკონომიკა 11 თვეში 10% გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდეგმა მიმართულებებმა: მშენებლობამ, ტრანსპორტმა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.