ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 176 ქვეყანას შორის მსოფლიო რეიტინგში 68.7 ქულით 35-ე ადგილზეა. თუმცა, საქართველოს პოზიცია ბოლო ერთ წელიწადში 3,1 პუნქტით არის გაუარესებული. ამ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში და ის ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანასა და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს უსწრებს. „ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება. რეიტინგი დგება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები.