ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან და გავლენიან ბიზნესმენებთანაც მართავს. ენერგეტიკა, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, აიტი-ტექნოლოგიები – შეხვედრების მიზანი საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვაა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მოლოდინია, რომ ქვეყნის მიმართ ბიზნეს-ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება. აქცენტი კეთდება შუა დერეფნის მომავალზეც. დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ქართული დელეგაციის წევრების შეფასებით, პრემიერ მინისტრი ორივე მიმართულებით პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომია. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში ჩასული მსოფლიო ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების გზებზე მსჯელობენ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც, რომელმაც ევროკავშირის გაფართოებაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრა.