საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, 2025 წლამდე მოსამართლეების უვადოდ გამწესების გადავადებაზე ეკა ბესელიას ინიციატივა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის შეფასებით, არაკონსტიტუციურია.
საპირისპიროა ეკა ბესელიას პოზიცია. მისი განმარტებით, შეთავაზებული ცვლილება არ სცდება კანონის ჩარჩოებს.
საკითხზე ვანო ზარდიაშვილის მწვავე შეფასებები დღეს დეპუტატებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელსაც კიდევ რვა დეპუტატი აწერს ხელს, ცვლილებებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ითვალისწინებს.
ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ეკა ბესელია მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან გაიმართება.