სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ. სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.