ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხიმშიაშვილების საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას უცნობი პირი, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიპარა. როგორც ხიმშიაშვილები ამბობენ, იგი იმ ოთახში გადაძვრა, სადაც მეპატრონეს არასრულწლოვან შვილთან ერთად ეძინა. მეპატრონემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღენიშნება მოტეხილობები. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა მძარცველმა სახლიდან რაიმეს მოპარვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი კი საქმის ყაჩაღობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.