რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო დაამძიმა.
ხელისუფლება „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „მარშის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს. პრემიერის გზავნილი მოგვიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც გაიმეორა. სწორედ მთავრობის მეთაურის მიერ ჯერ კიდევ დილით გაკეთებული განცხადება გახდა ოპოზიციის და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის და პროტესტის მიზეზი. ოპონენტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცენტები და ძალადობისკენ წაქეზების ნიშნები ამოიკითხეს.