შინაგან საქმეთა მინისტრი მისი უწყების მისამართით მძიმე ბრალდებებს პირველად პასუხობს.
5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების განსახილველად ვახტანგ გომელაური დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა. ძალოვანი უწყების პირველი პირის მიმართ შეკითხვები, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა. გომელაური ხუთ ივლისს პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის დროს პოლიციის არასაკმარისი რაოდენობით ყოფნაზე ოპონენტების ბრალდებებს არ იღებს და ამტკიცებს, რომ ორშაბათს დედაქალაქის რამდენიმე წერტილში 3 200 სამართალდამცავი იყო მობილიზებული. მეოთხე დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება. ოპოზიციურ პარტიებს აინტერესებთ, რატომ ვერ უზრუნველყვეს სამართალდამცავებმა ხუთ ივლისს ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტო რეპორტიორების დაცვა მასობრივი ძალადობისგან. ოპოზიციისგან გასხვავებით, მმართველ გუნდში პოლიციის მოქმედებებზე კითხვები ან შენიშვნები არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენებს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს.