გადაწყვეტილება, რომელმაც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანობის გეგმაში უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო „ძალა ერთობაშიაში“ გაერთიანებული პარტიები საკუთარ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს აყენებენ. არაერთი დაანონსების მიუხედავად, ისევ გაურკვეველია, როდის და რა გზით აპირებს სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და რამდენიმე საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სწორედ მოქალაქეობასთან დაკავშირებული გარემოება პრემიერის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს, ისევე როგორც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევასა და აგიტაციაში მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ყოფილი თანაგუნდელებისგან უკმაყოფილო, თუმცა თავშეკავებული რეაქციები, დანარჩენი ოპოზიციის ნაწილისგან კი შედარებით მძიმე რეაქციები მოჰყვა. მაშინ, როცა ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაზე აკეთებს აქცენტს, სააკაშვილი პირველ ადგილზე გასვლასა და მთავრობის ფორმირებას მხოლოდ საკუთარ პარტიას უწინასწარმეტყველებს. საინტერესოა ისიც, გააჩენს თუ არა დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში კიდევ ერთ უხერხულობას, რისი რამდენიმე პრეცედენტიც უკვე არსებობს.