დროებითი ზავის მესამე დღე

სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს მძევლების სია უკვე გადაეცა. ახლა ამ ნუსხას ისრაელის უსაფრთხოების ძალები შეამოწმებენ, რის შემდეგაც ინფორმაცია მძევლების ოჯახების წევრებს მიეწოდებათ. როგორც მედია წერს, „ჰამასის“ მიერ შედგენილ სიაში არიან აშშ-ის მოქალაქეებიც. მძევლების გაცვლის პროცესი სამი დღის წინ, დროებითი ზავის პირობებში დაიწყო. პირველ დღეს „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ისრაელის 13 და უცხოეთის 11 მოქალაქე გაათავისუფლა. გუშინ კი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „წითელი ჯვრის“ წევრებს 20 მძევალი გადასცეს, მათ შორის 13 ისრაელის მოქალაქე იყო. თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლებამ შეთანხმების საფუძველზე 39 დაკავებული პალესტინელი გაათავისუფლა. მათ შორის ექვსი ქალი და 33 არასრულწლოვანია. სამშვიდობო ზავი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხი დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში სულ 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, ისრაელის ციხეებს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ამასთან, ზავის პირობები ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეში ისრაელის ავიაციის ფრენების დღეში ექვსი საათით შეჩერებას ითვალისწინებს, რა დროსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200 ავტომობილი და საწვავით დატვირთული ოთხი სატვირთო უნდა შევიდეს.