აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.
ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც დონალდ ტრამპს სამხედრო პატივი მიაგეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებსა და პირველ ლედის და ოთხი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. იგეგმება მოკრძალებული გამოსამშვიდობებელი ცერემონიაც, რის შემდეგაც უკვე ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.
დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მისი მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება, რაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ერთგვარ სიმბოლოდ აღიქმება. დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.