თბილისის სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დოლიძე და მისი ადვოკატები გასული წლის თებერვალში, მოსამართლეთა 14 კანდიდატის მიერ გასაუბრებისას ანა დოლიძის აცილების მოთხოვნას ასაჩივრებდნენ და დაუსაბუთებლობის მოტივით გადაწყვეტილების ბათილობას ითხოვდნენ. საქმის განმხილველ მოსამართლეთა პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მოსამართლის განცხადებით, ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიიდან ორი მოსამართლის აცილების შესახებ. მისი თქმით, მოსამართლეები, – გიორგი ტყავაძე და მარიამ ცისკაძე, – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში შედიან, დავაზე მოპასუხე მხარე კი, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.