ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერდა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა გამგეობამ მიიღო, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობასა და ისტორიული შენობის არასწორ რეაბილიტაციაში ადანაშაულებს.
გამგეობის გადაწყვეტილების სხვა მიზეზზე საუბრობს თავად კომპანია. დავა სასამართლოში გაგრძელდება. და ეს იმ ფონზე, როცა ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის, მთარგმნელის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სახლ-მუზეუმი დანგრევის პირასაა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში აგებულ შენობაში უნიკალური დოკუმენტური მასალები, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.