თოვს იმერეთის მხარის ყველა ყველა მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული პრობლემები ნალექმა ტყიბულში შექმნა, სადაც დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს კურსების, ორპირის, ხრესილისა და საწირის თემის სოფლებს.
ელექტროენერგია 3500 აბონენტს არ მიეწოდება. თოვლის საფარი მაღალია და ზედა ზონის სოფლებში 70-100 სმ აღწევს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც ცენტრალური, ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზის, ასევე სოფლის შიდა გზების. „ენერგოპროჯორჯიას“ ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს – კურსები, ნაბოლები, ხრესილი, საწირე და მიმდებარე სოფლებს.
მომსახურების ცენტრის ტექნიკური სამსახური დაზიანებების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
მთელი ღამე თოვდა ქუთაისში, ნალექმა პრობლემები შექმნა გზებზე. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა და იწმინდებოდა გზები, ამ ეტაპზე გზები იწმინდება ჭომის დასახლებაში. კვლავ პრობლემად რჩება ქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების საკითხები. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა დაზიანებაზე.