„დიდი შვიდეულის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრამდე, დიდი ბრიტანეთი „აგრესორი სახელმწიფოების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ეს მოწოდება მიჰყვება ნატო-ს მოკავშირეების დაპირებებს, დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას უკრაინის საზღვარზე და იძლევა გაფრთხილებას, რომ კრემლის ნებისმიერი სახით შეჭრა „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საკითხთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე, მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.