დიალოგის მეოთხე რაუნდი

დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებათა მაგიდასთან კიდევ ერთი ინიციატივა გაჩნდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი საკუთარი წინადადებით მივიდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ისევ შერეული სისტემით ჩატარება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატების 50-მდე შემცირება და პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების 100-მდე გაზრდა, – ასეთ მოდელს სთავაზობს „ქართული ოცნება“ ოპონენტებს. თუმცა შეთავაზება მხოლოდ მომდევნო არჩევნებს არ ეხება. ეს ნიშნავს, რომ, თუ დღევანდელი ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტად იქცევა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, კონსტიტუციაში გაუქმდება ის ჩანაწერიც, რომელიც 2024 წლიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შეთავაზებულ მოდელს ოპოზიციიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. იყო რადიკალური განცხადებები და მინიშნებები რევოლუციაზეც. ინიციატივა გააკრიტიკეს მესამე სექტორშიც.