პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული დიალოგის შინაარსს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად გადმოსცემს, ისევე როგორც განსხვავებულად აღიქმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები და აქცენტები.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის დღის წესრიგში მთავარ თემებად რჩება ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლება. გადატვირთვად შეფასებული მოლაპარაკების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ გუნდს საერთაშორისო ზეწოლით დათმობაზე წასვლა მოუწევს. თუმცა პრემიერი, რომელიც დიალოგში გუშინ პირველად ჩაერთო, ახალ არჩევნებს კვლავ წითელ ხაზად აცხადებს. „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზეც, რის გამოც ოპონენტები ხელისუფლებას რიტორიკის გამწვავებაში ადანაშაულებენ. ალეკო ელისაშვილი კი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, კონკრეტულ პუნქტებზე შეთანხმებას უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ მხარეები მხოლოდ რიტორიკის შერბილებასა და ვითარების დეესკალაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
ანა ბროლაძემ მოისმინა ყველა მხარის პოზიცია.