ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორი კვლავ დიპლომატიური კორპუსია. უცვლელია მოლაპარაკების თემაც. მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელებენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობს თუმცა, მოლოდინი, რომ ამ საკითხზე შეთანხმება შედგება, მმართველი პარტიის ოპონენტებს არ აქვთ. უცვლელი წინადადებით მიდის შეხვედრაზე უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ ინიციატივა ასეთია – 50 მაჟორიტარს პლუს პროპორციული სისტემით არჩეული ასი დეპუტატი. ეს წინადადება ოპოზიციისთვის მიუღებელია.