„ვითხოვთ სიცოცხლეს“ – ამ სლოგანით ქალაქ ფოთში, დიალიზის ბენეფიციარებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათი განცხადებით, კლინიკა „ბომონდში“ დღეს უთხრეს, რომ ფოთში აღნიშნული განყოფილება დაიკეტება და პაციენტებს შესაბამისი პროცედურების ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ. დიალიზის კაბინეტით ფოთსა და მიმდებარედ მცხოვრები პაციენტები სარგებლობდნენ. აღნიშნული განყოფილება პარლამენტში ფოთის გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას სახელობისაა და მასში 22 პაციენტი ყოველდღიურ სამედიცინო დახმარებას იღებდა.
როგორც ბენეფიციარები აცხადებენ, დიალიზის განყოფილების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქციაზე მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მივიდა. პროტესტის მონაწილეებს ის დაჰპირდა, რომ ხვალ აღნიშნულ პროცედურას შეუფერხებლად ჩაიტარებენ და მუნიციპალიტეტში პრობლემის მოგვარების ძიებაში არიან.
აქცია დღეს დაიშალა. ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები დიალიზის განყოფილების მუშაობის გაგრძელებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.