დღეს დიდი შაბათია. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება. იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში უამრავი ადამიანია შეკრებილი, ისინი წმინდა ცეცხლის რიტუალს ელოდებიან.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან. მორწმუნეებმა ტაძართან შეკრება გუშინ დაიწყეს. ტაძრის კარი კი თბილისის დროით დაახლოებით 11-ის ნახევარზე გაიღო.
აღდგომის ყოველ დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად უკვე რამდენიმე წელია იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელიც საერო და სასულიერო პირებისგან შედგება. აღდგომის ღამეს წმინდა ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმიდა ცეცხლი სახლებში წაიღონ.