ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს – დღეიდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. იკრძალება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იმართება.
იზღუდება ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა კი ღამის 12 საათის ნაცვლად, 23 საათამდე იქნება დასაშვები. საჯარო უწყებებს მიეცათ დავალება, გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საკოორდინაციო საბჭომ კერძო დამსაქმებლებს.
შეზღუდვებთან ერთად, გამკაცრებული იქნება აღსრულების კონტროლი. მაგალითად ქორწილის, ქელეხისა და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები 10 ათასი ლარით ჯარიმდებიან, განმეორებით დარღვევისას კი ობიექტი დაილუქება.