დესტაბილიზაციის რისკი - სუს-ის განცხადება

სუს-ის გამაფრთხილებელი გზავნილი არჩევნებამდე 10 დღით ადრე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში ამჯერადაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. თუ უწყებას დავეყრდნობით, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყანაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვას და დესტაბილიზაციას გეგმავენ. იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება, სადაც, როგორც სუს-ი განმარტავს, მმართველი გუნდის წარმომადგენლების ხმები და ვიდეო გამოსახულებები იქნება გამოყენებული. მიზნად ხელისუფლების შტოებსა და საპატრიარქოსთან ურთიერთობის დაძაბვა სახელდება. „ქართული ოცნება“ სუს-ის გაფრთხილებას საყურადღებოდ მიიჩნევს და დღეს გასაჯაროებული გეგმის მიღმა ოპოზიციის კვალს ხედავს.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების დაპანიკების მცდელობაა. ოპოზიციური ძალები უსაფრთხოების სამსახურს ხელისუფლების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებენ და არჩევნების შემდეგ უწყების გაუქმებას აანონსებენ.