ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოლოდინში ვნებათაღელვა მძაფრდება სტატუსისთვის საჭირო მეხუთე რეკომენდაციის გარშემო.
სისტემური თუ პერსონალური მიდგომა – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მმართველი გუნდი ევროკომისიისგან დამატებით განმარტებას ითხოვს. ეს მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ უკრაინული კანონის ქართული ანალოგი დაიწუნა და ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად პერსონალური მიდგომის ნაცვლად სისტემური რეფორმების გატარება ურჩია. კომისიის შენიშვნებს სრულად ეთანხმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. თუმცა, ეს საკმარისი არ არის „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ევროკომისიასა და ვენეციის კომისიის პოზიციებს შორის შეუსაბამობას ხედავს. მმართველი პარტიის აზრით, მეხუთე პუნქტში გაწერილ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაში ევროკომისიამ პერსონალური მიდგომა იგულისხმა. უკრაინული კანონის ქართულ ვერსიას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციაც და მის უკან გაწვევას ითხოვს, თუმცა ვენეციის კომისიის კრიტიკული შინაარსის დასკვნის მიღებიდან რამდენიმე საათში მმართველმა გუნდმა სადავო პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.